Linguistic Diversity

ლინგვისტური მრავალფეროვნება

ჯოვანი მორას შემოქმედებით გზაზე ბევრი პროექტი გვქონია, თუმცა „ენობრივი მრავალფეროვნება“ ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. ეს არ ყოფილა მორიგი კომერციული კამპანია, ეს იყო ჩვენი სიყვარულის გამოხატვა იმ მრავალფეროვანი ენობრივი სამყაროს მიმართ, რომელიც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ცოცხლობს. საქართველო პატარაა, მაგრამ აქ ქართულთან ერთად სვანური, მეგრული და ლაზური ენები ჟღერს, ენები, რომლებიც ჩვენი მთებივით ძველი და დიდებულია. თუმცა, ერთ დღეს მივხვდით, რომ სანამ ქართულ ხელოვნებასა და ისტორიას აღვნიშნავდით, ის ენები, რომლებზეც ქართველები საუბრობენ, ნელ-ნელა ქრებოდა.

ენა მხოლოდ სიტყვები არ არის, ის ხალხის მეხსიერების, იუმორისა და მსოფლმხედველობის საცავია. თუ ჯოვანი მორას მართლა აინტერესებს ქართული კულტურა, ამ „ჩუმ კრიზისს“ გვერდს ვერ ავუვლიდით. ამიტომ, 2020 წელს გადავდგით ნაბიჯი, რომელიც მანამდე არცერთ ქართულ ბრენდს არ გადაუდგამს და ჩვენი ვებსაიტი სრულად ვთარგმნეთ სვანურ, მეგრულ და ლაზურ ენებზე. ეს იყო რთული, მაგრამ ძალიან ემოციური პროცესი, რომელსაც ვიზუალური იდენტობაც მოვარგეთ. სვანეთისთვის კოშკების სილუეტები და თოვლის ფიფქების ნიმუშები გამოვიყენეთ, სამეგრელოსთვის, კოლხური ხელოვნებითა და ვაზის ორნამენტებით შთაგონებული დიზაინი, ხოლო ლაზეთისთვის ,შავი ზღვის ტალღოვანი მოტივები. შევქმენით კამპანიის ლოგოც, ერთგვარი „ლინგვისტური თავსატეხი“, სადაც ოთხივე ენის სიმბოლოები ერთიანდება.

კულტურა მხოლოდ მაშინ ცოცხლობს, როცა ის ადამიანების ყოველდღიურობაში პოულობს ადგილს. ამ ენების თანამედროვე დიზაინში ინტეგრირებით, ჩვენ გვინდოდა გვეთქვა, რომ ეს ენები წარსულის რელიქვიები კი არა, ცოცხალი საგანძურია. ჩვენი ოცნებაა, ერთ დღეს ჩვეულებრივ ამბად იქცეს სვანური სიტყვის ნახვა მაისურზე ან მეგრული ანდაზის მოსმენა თანამედროვე სიმღერაში. როგორც ჯოვანი მორა იტყოდა: „ჩვენ ყველანი მთხრობელები ვართ. მოყევით თქვენი ისტორია და მოუსმინეთ სხვებს ,სწორედ ამ ისტორიებში გადარჩება ჩვენი მემკვიდრეობა“. მოდით, ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი ენობრივი მრავალფეროვნება ჩვენსავე სიმდიდრედ დარჩეს.

ბლოგში დაბრუნება

დატოვე კომენტარი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კომენტარები უნდა დამტკიცდეს მათ გამოქვეყნებამდე.